ის ტექსტი, რაც ისმის ამ ჩანაწერში, არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი უბრალოდ შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ გუშინვე დაიწყო გამოძიება და ძალიან მალე ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს, რადგან ჩვენს ინტერესებში შედის, დროულად გაირკვეს ან რა ჩანაწერია საერთოდ, ან რა დავალებაზე საუბრობს ეს ადამიანი და საერთოდ საუბრობს თუ არა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“. გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.