გია დანელია - გავრცელებული ჩანაწერი გაუგებრობა და მონტაჟია
გია დანელია - გავრცელებული ჩანაწერი გაუგებრობა და მონტაჟია

გავრცელებული ჩანაწერი გაუგებრობა და მონტაჟია, – ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია დანელია დღეს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

გია დანელია აცხადებს, რომ კარგად არ იცნობს მედიით დღეს გავრცელებულ ჩანაწერს.

„დეტალურად არ მაქვს შესწავლილი, რაც გავიდა რამდენიმე საინფორმაციო არხზე. დეტალებს შემდგომ მოგახსენებთ. მე აქაც, საკრებულოშიც, მოედანზე ვსაუბრობ და ჩემი საუბრის მონტაჟი შეიძლება მოხდეს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩემს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გახლავართ წარმატებული ფერმერი, წარმატებული ექიმი, სოფლის მოსახლეობა ჩემ გვერდითაა. შეიძლება, ნაწყენია ვინმე და ამიტომ, დისკრედიტაციის მიზნით ჩაიდინეს ეს. ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თქვენც შეგიძლიათ, დაამონტაჟოთ და ნებისმიერი მიმართულება მისცეთ ნათქვამს. ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.