თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს, პარლამენტში ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემა
ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, მიეცემა შესაძლებლობა, ადგილი მოიპოვოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ვინ ასრულებს ამ პოლიტიკურ პროცესებში კონსტრუქციულ როლს და ვინ ასრულებს დესტრუქციულს. პოლიტიკური პარტიები, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა საუბარი, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამისთვის ჩვენი პარტნიორები ნახავენ თვალნათლივ, ვინ რა როლს ასრულებს პოლიტიკურ რევოლუციაში. ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილი მოიპოვოს პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა საჭიროა, რადგან ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი აზრი და დამოკიდებულება გამოხატოს კანონპროექტის მიმართ.
„ზოგი ამბობს, რომ კარგია ნულოვანი ბარიერი, ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს სამი პროცენტი. ყველა გამოდის თავისი პარტიული ინტერესიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ დავაბალანსოთ ეს ინტერესები. ბლოკების თემა ჩემთვის გაუგებარია. პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია 11-12 ათასი ხმა მიიღოს და მაინც ითხოვს ადგილს პარლამენტში, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის მათ ადგილი საკანონმდებლო ორგანოში.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.