თამარ ჩუგოშვილი - ცალკეულ ადგილებში შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ უკანონო ქმედებას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მაქსიმალური აქტიურობისაკენ, ხოლო პარტიულ აქტივს კანონის ფარგლებში მუშაობისკენ მოუწოდებს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს მშვიდად, თავისუფალ გარემოში.
„ჩვენი ამოცანაა არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარება და შესაბამისად ყველა სახელმწიფო უწყება მომართულია იქითკენ, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ყველა საარჩევნო ოლქსა და ყველა საარჩევნო უბანზე.
ცალკეულ ადგილებში შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ უკანონო ქმედებას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოვუწოდებ. უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, ვინაიდან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისათვის, რომ ეს არჩევნები დამთავრდეს პირველივე ტურში და ვფიქრობთ, სწორედ ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტების მხრიდან.
მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, მოგიწოდებთ, რომ იმუშაოთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით უპასუხოთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და არავის მისცეთ საშუალება, დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.