თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობას შეთანხმება გაუჭირდა
თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობას შეთანხმება გაუჭირდა

ბიძინა ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობას შეთანხმება გაუჭირდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ერთმანეთს დაუახლოვდეს იმ კოლეგების პოზიციები, რომლებსაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რათა საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე მოხდა შეთანხმება და გუნდის წევრები გადაწყვეტილების მიღებას ძალიან დაუახლოვდნენ.

„შესაძლოა, ერთი, ან ორი დამატებითი შეხვედრა დაგვჭირდეს, სანამ საბოლოო ჯამში შევთანხმდებით და კანონპროექტის განხილვის პროცესს წინ წავწევთ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია მძიმე დანაშაულია და მას მძიმე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სჭირდება. პრინციპში, ვთანხმდებით იმაზეც, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გვჭირდება არა საპატიმრო სანქციები და მათი ციხეში ჩასმა, არამედ ზრუნვა, რათა ადამიანი ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, თემა იმდენად კომპლექსურია, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის არსებობა და ხანგრძლივი მსჯელობა გასაკვირი არ არის.