თამარ ჩუგოშვილი - „ბასიანის“ ინციდენტი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის შემდეგ მომხდარით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება.
ჩუგოშვილის თქმით, დაკავებულის გირაოთი გამოშვება კითხვებს აჩენს.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ანუ, მსგავსი შემთხვევა, როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ჩემთვისაც და მგონია, რომ მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მათ ადგილზე, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის გამოყენებას თუ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.
„ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს“, – აცხადებენ შსს-ში.
ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ბრალდების მხარე ასაჩივრებს.