თამარ ჩუგოშვილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, პროვოკაციული და აგრესიული ქმედებებისგან თავი შეიკავონ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, პროვოკაციული და აგრესიული ქმედებებისგან თავი შეიკავონ და ფიზიკური დაპირისპირება არ დაუშვან.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ვინაიდან, რუსთაველის გამზირზე ორი საწინააღმდეგო აქცია იმართება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს და ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
„ნომერ პირველი ამოცანა ეს არის. იმისთვის, რომ აქციაზე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდეს, უპირველესი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე მოქალაქეებს ეკისრებათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მობილიზებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთთან ფიზიკურ კონტაქტში არ შევიდეს, პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებზეა. არ უნდა დავუშვათ, რომ დღევანდელმა აქციამ ფიზიკური დაპირისპირების ფორმა მიიღოს. ყველამ უნდა მოახერხოს, რომ თავისი აზრი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს ისე, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ გადავიდეს. ეს ყველაფერი რთული საყურებელია.
როგორც ჩანს, ემოციური ფონი საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში ნებისმიერი დესტრუქცია და დესტაბილიზაცია შეიძლება მტერს აწყობდეს. შესაბამისად, ყველა პირმა, რომელსაც უნდა, თავისი აზრი დააფიქსიროს, ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ ეს პროცესები წითელ ხაზებს მიღმა არ გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იქნება არა ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, არამედ მტრის, რაც ცხადია. მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდა. არ მგონია, რასაც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან, ასეთი სიმშვიდის განცდას უტოვებდეთ.
პრაიდი გაიმართა, ანტიპრაიდის საწინააღმდეგო აქცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ე.წ. ანტისაოკუპაციო აქცია. იმის გარჩევაში მოგვიანებით შევიდეთ, ქუჩაში ვინ რატომ დგას, რატომ გამოდის, რა მიზანი აქვს და ვის უკან ვინ დგას. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირებები, რომელიც სრულიად რეალური და მოსალოდნელია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.