თამარ ჩუგოშვილი - ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ქუთაისში გავატარე, ეს ქალაქი ძალიან შემიყვარდა
თამარ ჩუგოშვილი - ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ქუთაისში გავატარე, ეს ქალაქი ძალიან შემიყვარდა

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ქუთაისში გავატარე, ეს ქალაქი ძალიან შემიყვარდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ჩემი ემოციური დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადასვლის გადაწყვეტილება მოგვიანებით მიღებულიყო, მას შემდეგ, რაც ქუთაისი დამატებით, ახალ ფუნქციას შეიძენდა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სამ თვეში, როდესაც პარლამენტის შენობა შსს-ს გადაეცემა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ადგილი ბევრად უფრო საინტერესო გახდება და მათ შორის, დასაქმების კუთხითაც ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის, ვიდრე ამას პარლამენტი ახერხებდა.

„პარლამენტის მუშაობამ ორ ქალაქში და ორ შენობაში გახლეჩამ, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის ფუნქციები, როლი და მუშაობის ხარისხი საოცრად დააზიანა. თანამშრომლებისთვის უმძიმესი იყო გადაადგილების პროცესი. გარდა ამისა, ამან პარლამენტის საქმიანობა გახლიჩა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთმანეთს ძალიან დააშორა და ძალიან ბევრი ზიანი მოიტანა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ძლიერი პარლამენტი სჭირდება და იმისთვის, რომ პარლამენტი ძლიერი იყოს, ის იქვე უნდა იყოს, სადაც მთავრობაა, უნდა იყოს ერთ ქალაქში და ერთ შენობაში.