თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინელების ჩამოსვლა და მათი შეხვედრები გარკვეულ კითხვებსა და ეჭვებს აჩენს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოში უკრაინელების ჩამოსვლა და მათი შეხვედრები გარკვეულ კითხვებსა და ეჭვებს აჩენს.
თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ არ სურს, სპეკულაცია გამოუვიდეს, მაგრამ საკითხზე ეჭვები არსებობს.
„გამოძიება დაადგენს, რაშია საქმე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.