თამარ ბერუჩაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო მკაფიოდ იყო ნახსენები ალიანსის გაფართოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხმა მკაფიოდ გაიჟღერა როგორც რეზოლუციაში, ასევე ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომენიკ რაბის გამოსვლაში, – ამის შესახებ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მსგავს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის ხსენება, განსაკუთრებით რუსეთისთვის მოწოდება, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
„ბრექსიტის სირთულეების მიუხედავად, ლონდონი არის ტრადიციული შეხვედრების ადგილი. მაღალი პოლიტიკური დონის ორგანიზაციებისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია ამის კონკრეტული მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხმა მკაფიოდ გაიჟღერა როგორც რეზოლუციაში, ასევე ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომენიკ რაბის გამოსვლაში. საქართველომ რამდენიმეჯერ გაჟღერება როგორც ალიანსის სანდო, მნიშვნელოვანმა პარტნიორმა გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, საქართველო მკაფიოდ იყო ნახსენები ნატო-ს გაფართოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ბრიტანეთი აგრძელებს როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ ჭრილში, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ ფორუმებზე, რეზოლუციებში საქართველოს ხსენება ამ კონტექსტში და განსაკუთრებით რუსეთისთვის მოწოდება, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი პარტნიორების მობილიზების კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის და იმ ნაბიჯების განხორციელებისთვის, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა და რასაც ჰქვია ჩვენი პრიორიტეტი – დეოკუპაცია,“ – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია დღეს გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.