თეონა აქუბარდია - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერია
თეონა აქუბარდია - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერია

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ჩანაწერებია გაკეთებული. აქუბარდიას განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი ჩანაწერია.

მისივე თქმით, რუსეთი მოხსენიებულ იქნა ტერორისტულ სახელმწიფოდ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ეს უკავშირდება რუსეთის აგრესიულ ომს, რომელსაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.

„მადრიდის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავისი არსით უპრეცედენტო იყო, რამდენადაც რუსეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რასაც პრეცედენტი აქამდე არ ჰქონია და ეს უკავშირდება რუსეთის იმ აგრესიულ ომს, რომელსაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, არის ომის დანაშაულები, გენოციდი, თავდასხმები ენერგოსექტორზე, რომელიც ძალიან ძიმე მდგომარეობაში აყენებს უკრაინელ ხალხს. ცალსახად მხარდაჭერაა ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მიმართ და ის ერთიანობა აუცილებლად განაპირობებს უკრაინის გამარჯვებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაშია, რამდენადაც რუსეთმა ომი საქართველოდან დაიწყო, რომელიც შემდგომში გრძელდება უკრაინაში და ეს იყო ცალსახად აღნიშნული ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან.

უმნიშვნელოვანესია ნატო-ში გაწევრიანების ის შესაძლებლობა, რომელიც ბუქარესტის სამიტიდან გვაქვს საქართველოსა და უკრაინას, ღია კარის პოლიტიკის კოტექსტში უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხაზგასმა ასევე ხელშესახები შედეგია. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არის ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს დელეგაცია ვბრუნდებით სახლში. ეს საკითხები მნიშვნელოვანია და უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, არის საქართველოს მხარდაჭერაც. რუსეთის აგრესია დაგმობილია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც, სადაც საქართველო და უკრაინა, როგორც ნატო-ს პარტნიორები, ვთანამშრომლობთ, საქართველოს მოხსენიება არის ის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, რათა, ერთი მხრივ, საქართველო იყოს დაცული რუსეთის აგრესიისგან, მეორე მხრივ, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, რაც აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც დადგება საქართველოს წევრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი.