ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს. დოკუმენტს ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის რეჟიმს სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობებს, გადადგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არ ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის არანაირ უკანონო მცდელობებს“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარემ, ეგორ ჩერნევმა აღნიშნა, რომ ტრიბუნალის საშუალებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სამხედრო დანაშაულების უშუალო შემსრულებლების გასამართლება, არამედ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისაც.

„ამ რეზოლუციის მიღება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ასახავს დასავლურ საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობებს, ამიტომ გავლენა აქვს ქვეყნების ხელმძღვანელობებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, – წერს ჩერნევი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.