პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სოფიაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიას დაესწრნენ პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა.

„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატო-სთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი.

ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან.

შეხვედრის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.