ხატია წილოსანი - საპარლამენტო დელეგაციის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან როგორც ასამბლეის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატებში
ხატია წილოსანი - საპარლამენტო დელეგაციის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან როგორც ასამბლეის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატებში

საპარლამენტო დელეგაციის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან როგორც ასამბლეის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.

მისივე თქმით, დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები და შეხვედრები, რომლის დროსაც განხილული იქნება უსაფრთხოების გამოწვევები.

„მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით არის გარკვეული ჩანაწერები რეზოლუციებში და ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუციის ტექსტი არსებული ჩანაწერებით იყოს შენარჩუნებული. ამიტომ ამაზე მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი და მხარდაჭერილი ნატო-ს კონტექსტში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტები, მათ შორის პოლიტიკური კომიტეტი იმსჯელებს იმ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევაზე, რომელიც რეგიონშია. საქართველო, როგორც ნატო-ს წევრობისთვის მოტივირებული ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ვცდილობთ, მაქსიმალურად აქტიურად ვიყოთ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ ფორმატებში, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატები. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსის მიღების კვალდაკვალ ინფორმირებული იყვნენ ჩვენი პარტნიორები. ორმხრივ ფორმატებში შეხვედრების დროს გვექნება შესაძლებლობა, რომ დედაქალაქებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია რეფორმების თაობაზე, რომლებიც, მათ შორის, ემსახურება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან შედიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.