ლიეტუვის პარლამენტის წევრი - საქართველოს მთავარი ინტერესი უნდა იყოს იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ სავალ გზას უკავშირდება, რომელმაც უნდა გადაწონოს შიდა ბრძოლები
ლიეტუვის პარლამენტის წევრი - საქართველოს მთავარი ინტერესი უნდა იყოს იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ სავალ გზას უკავშირდება, რომელმაც უნდა გადაწონოს შიდა ბრძოლები

ნატო-ს ყველა ქვეყნის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა აქვს. საქართველოზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩემი პასუხი მარტივია, ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი ხელისუფლების ხელში. ახლა რასაც ვხედავთ, ვხედავთ საქართველოში დემოკრატიული პროცესის შენელებას, რაც გვაწუხებს, რადგან ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის მხარდამჭერი, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, საქართველოზე მომზადებული ერთ-ერთი ანგარიშის ავტორმა, აუდრონიუს აჟუბალისმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და ყველამ კარგად იცის, ეს დავალება რა არის.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავარი ინტერესი უნდა იყოს იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ სავალ გზას უკავშირდება, რომელმაც უნდა გადაწონოს შიდა ბრძოლები. ვფიქრობ, საჭიროა, ყველა მხარე შეთანხმდეს, რომ გვერდით გადადოს არასტრატეგიული, ადგილობრივი საკითხები და გაერთიანებული დარჩეს მთავარი მიზნების გარშემო. ლიეტუვამ ეს შეძლო. გახსოვთ, რომ ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა და გვერდზე გადავდეთ ყველანაირი საუბრები წარსულზე, კოლაბორაციაზე და შევძელით მიზნის მიღწევა ერთიანობით. ეს არის ჩემი რჩევა.

ნატო მაქსიმუმ ძალისხმევას სწევს საქართველოსთან მიმართებით, საკმაოდ დიდია ის სამხედრო დახმარება, რომელსაც ქვეყანა იღებს. ნატო საკუთარ ინტერესს გამოხატავს იმითაც, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები სტუმრობენ საქართველოს. ვფიქრობ, ეს არის ნიშანი, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან ნატო-ზე საუბრისას აუცილებელია პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესებიც, აქ გარკვეული გამოწვევები გვაქვს, რომელიც იმედი მაქვს, გადალახული იქნება საქართველოს მიერ. ღია კარის პოლიტიკა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ყველაფერი თქვენს ხელშია. ფანტასტიურად იცით, რას ითხოვს ნატო და ევროკავშირი, ვიცით, როგორ მიდის პროცესები. ნატო ვერ განაცალკევებს სამხედრო და პოლიტიკურ ნაწილებს. დემოკრატია ნატო-სთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, დემოკრატიაში პროგრესის გარეშე ამ მიზანს ვერ მიაღწევთ“, – განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა.

ამასთან, როგორც აჟუბალისმა აღნიშნა, „ზღვის სხვა ნაწილში რუსეთს სურს საკუთარი გემების განთავსება, რაც, საერთო ჯამში, არ გვეხმარება, რომ ყველა ერმა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ“.

„ეს არ არის ვითარება უკეთესობისკენ. რასაკვირველია, ეს აჩვენებს, რომ რუსეთი აკონტროლებს ამ მიწას, მიუხედავად მარიონეტული ხელისუფლებისა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არასდროს შეიძლება, ასეთი რუსეთის, დიქტატორული რუსეთის ნდობა, რომელთანაც პატიოსანი და კარგი საქმის დაჭერა არ შეიძლება. ეს სიახლე, რასაკვირველია, ყველა ჩვენგანისთვის ქმნის სირთულეს. ეს ნიშნავს, რომ ეცდებიან სამხედრო გემების მიღებას ახალ ლოკაციაზე, რადგან უკრაინელებმა აჩვენეს, რომ კარგად შეუძლიათ, წარმატებით დაარტყან აგრესორს. ამიტომ, როგორც ჩანს, ზღვის სხვა ნაწილში რუსეთს სურს საკუთარი გემების განთავსება, რაც, საერთო ჯამში, არ გვეხმარება, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ ყველა ერმა. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ არ ღირს რუსეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა და არ შეიძლება, სანაცვლოდ სიკეთეს ელოდე, რადგან მათი პოლიტიკა არის ის, რომ უნდა აიღო მაქსიმუმი, რისი აღებაც შეგიძლია“, – განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.