თაკო დოლაბერიძე - მოწევა სამი წლის წინ ავკრძალეთ, მეგონა ბიზნესის შემოსავალი დაიკლებდა, მაგრამ ეს შედეგი არ მიგვიღია
ჩვენ ასე ვთქვათ, წინასწარ მოვემზადეთ და სიგარეტის მოწევა სამი წლის წინ ავკრძალეთ. შეგრძნება მქონდა, რომ ბიზნესის შემოსავალი დაიკლებდა, მაგრამ ეს შედეგი არ მიგვიღია, – ამის შესახებ ივენთ-მენეჯერმა, თაკო დოლაბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრობლემის წინაშე არ დავმდგარვართ. რა თქმა უნდა, როგორც ქართულ რეალობაში ხდება, მირეკავენ და მთხოვენ, მოგვაწევინე, რა მოხდებაო, მაგრამ ალბათ, ესეც გადაივლის“, – განაცხადა დოლაბერიძემ.
მისი თქმით, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თქვეს, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტში მოქალაქე შემოვიდა და სიგარეტს მოუკიდა, ადმინისტრაციამ აუცილებლად პატრულში უნდა დარეკოს, რაც მიუღებელია.
„ამის გამო პატრულში ვერაფრით ვერ დავრეკავ, რომ ადამიანი სიგარეტს ეწევა და უნდა დაჯარიმდეს. მეორე ამბავია ის, რომ თუ შემოწმებაზე შემოვლენ, მე თვითონ ვჯარიმდები, თან საკმაოდ დიდი თანხით. ამიტომ, ალბათ, ეს საკითხი მოსაწესრიგებელია“, – განაცხადა დოლაბერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნას, რომ რესტორნებსა და ბარებში მწეველთათვის დაშვებული სივრცეები არსებობდეს, თაკო დოლაბერიძემ თქვა, რომ ამის მომხრე არ არის და თუ დახურულ შენობაში მოწევა აიკრძალება, მთლიანად უნდა აიკრძალოს.