პაატა ბაირახტარი - საზოგადოება ვერ აანალიზებს იმ ეკონომიკურ ნეგატიურ რისკებს, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებას მოჰყვება
პაატა ბაირახტარი - საზოგადოება ვერ აანალიზებს იმ ეკონომიკურ ნეგატიურ რისკებს, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებას მოჰყვება

საზოგადოება ვერ აანალიზებს იმ ეკონომიკურ ნეგატიურ რისკებს, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებას მოჰყვება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მსგავსი სირთულის კანონს თან უნდა ახლდეს სერიოზული დონის ეკონომიკური გათვლა. კანონში კი, ეკონომიკურ ანალიზს პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ. მაგალითად, სიგარეტის მოწევა სიგარა ბარებში დაიშვა, ჩილიმ ბარებში კი აიკრძალა და იმის სტატისტიკა მაინც თუ არსებობს, ქვეყანაში რამდენი სიგარა და ჩილიმ ბარია?! ჩილიმ ბარებმა ჩილიმი გარეთ თუ უნდა გამოიტანონ, ობიექტი სეზონურად უნდა ამუშაონ, თუ ბიზნესი დაკეტონ?!“, – განაცხადა ბაირახტარმა.

როგორც პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, როცა საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს ადარებენ, რადგან საქართველოს ეკონომიკური მოდელი მსოფლიო ეკონომიკური მოდელისგან რადიკალურად განსხვავდება.

მისი თქმით, კანონის მიღება აუცილებელია, მაგრამ მთავარი გამოწვევა იყო, ამას ქვეყნის ეკონომიკისთვის რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მოეტანა.

„როდესაც სამასპინძლო ბიზნესზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ფენა, მცირე და საშუალო ბიზნესი იჩაგრება. ამ კანონით, თამბაქოს გაყიდვა, ხელში მიწოდება გზისპირა დაწესებულებებიდან, ე.წ ჯიხურებიდან უნდა აიკრძალოს. რეალურად, ამ დაწესებულებების 90% თამბაქოზე მუშაობს და რა პასუხს ვაძლევთ ადამიანებს, ვინც ამით ლუკმა პურს შოულობს?!“, – განაცხადა ბაირახტარმა.

„ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში დადგა საფრთხე, როცა ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრებისთვის გავიმეტეთ, მით უმეტეს, ჩვენი ეკონომიკის პირობებში.