გიორგი ბახტურიძე - ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციაზე გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს
გიორგი ბახტურიძე - ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციაზე გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს

ახალი კანონმდებლობით პროცედურა გამარტივდა და ნებისმიერ ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რაც შეეხება ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში, მთავარი ადმინისტრატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის სამინისტრო და ტრანსპორტთან მიმართებაში – ტრანსპორტის შესაბამისი ადამინისტრაციები. ძირითადი აღმასრულებლები ესენია“, – განაცხადა ბახტურიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება საჯარიმო სანქციები, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი – 500 ლარიდან.

„2000 ლარამდე ჯარიმა სასამართლოქვემდებარე არ არის, ანუ ადმინისტრატორს შეუძლია, ეს სანქცია დამრღვევს ადგილზე შეუფარდოს, 2000 ლარის ზევით კი, უკვე სასამართლოქვემდებარეა. თუმცა, თუ იურიდიული პირი გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, მას უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს“, – განაცხადა ბახტურიძემ.

მისი თქმით, სრული აკრძალვა ყველაზე ეფექტურია, რადგან გამონაკლისი არ არსებობს, რომ სახელმწიფო, თუ კერძო ორგანიზაციამ გამოსავალი ნახოს და რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია რეფორმის გრძელვადიანი პერსპექტივა, გიორგი ბახტურიძემ თქვა, რომ კანონს მომავალ თაობებზე დიდი გავლენა ექნება.

„კანონის ყველაზე დიდი ეფექტი მომავალ თაობებზე აისახება. მათთვის მოწევა სოციალური ნორმა აღარ იქნება, იქედან გამომდინარე, რომ სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ფაქტიურად, არავინ აღარ მოწევს“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.