ქვეყნები, სადაც მოწევის საწინააღმდეგო კანონები ყველაზე მკაცრია
ქვეყნები, სადაც მოწევის საწინააღმდეგო კანონები ყველაზე მკაცრია

დღეიდან, საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები ამოქმედდა.

კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

მსგავსი შეზღუდვები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის, კანონმდებლობა ზოგან გაცილებით მკაცრია.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას, სადაც მოწევის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

 

ავსტრალია

მოწევის საწინააღმდეგო კანონმდებლობა ამ ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ავსტრალიის ყველა შტატში მოწევა აკრძალულია ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელშიც ბავშვი ზის.

სიგარეტს ვერც დახურულ საზოგადოებრივ ადგილებსა და რესტორნებში მოწევთ.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტს მოწევა აკრძალული აქვს პლაჟებსა და სპორტულ მოედნებზე.

გარდა ამისა, ავსტრალიაში კოლოფი სიგარეტის ფასი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

 

აშშ

მოწევის საწინააღმდეგო კანონები აშშ-ში ფართოდ ცვალებადია.

შეზღუდვებს ხშირად ადგილობრივი ხელისუფლება აწესებს და არა ცენტრალური. შესაბამისად, შეიძლება, ქალაქიდან-ქალაქამდე სრულიად სხვადასხვა სიტუაციას შეხვდეთ.

თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი მოწევისადმი შედარებით შემწყნარებელია.

კალიფორნიასა და ნიუ-იორკში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. მათ შორისაა, აკრძალვები ღია სივრცეში და შენობიდან რამდენიმე მეტრის სიახლოვეს.

ქალაქ ნიუ-იორკში მოწევა აკრძალულია ყველა პარკში, სასეირნო ბილიკებზე, პლაჟებზე, აუზებზე და ფეხით სასიარულო მოედნებზე. გარდა ამისა, სიგარეტის გაყიდვა აკრძალულია 21-წლამდელ პირებზე.

ისეთ შტატებში, როგორებიცაა ტეხასი, ოკლაჰომა, მისისიპი და ჯორჯია, ჯერ კიდევ შედარებით ადვილად იპოვით ბარს ან რესტორანს, სადაც მოწევა დაშვებულია.

 

ბჰუტანი

2004 წელს, ბჰუტანი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა უკანონოდ გამოაცხადა. 2010 წელს, ბჰუტანში თამბაქოს გაყიდვასთან ან კონტრაბანდულად შეტანასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მიიღეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე.

 

ესპანეთი

სრული აკრძალვა მოქმედებს ესპანეთში. გამონაკლისია მოსაწევი კლუბები.

მოწევა ასევე აკრძალულია სათამაშო მოედნებზე და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების ეზოებში.

 

ირლანდია

2004 წელს ირლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოწევა თითქმის მთლიანად აკრძალა.

მოწევა კანონდარღვევად გამოცხადდა დახურულ სამუშაო ოფისებში, რისთვისაც 3000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაწესდა.

ამ შეზღუდვას მსოფლიოში მალე გამოუჩნდა მრავალი მიმბაძველი.

 

კოლუმბია

2009 წელს კოლუმბიამ მოწევის საწინააღმდეგო კანონმდებლობა სამუშაო ოფისებსა და საზოგადოებრივ ადგილებზეც განავრცო. რეკლამირებისას და შეფუთვაზე ასევე აიკრძალა ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „ზომიერი“ და „მსუბუქი“.

 

კოსტა-რიკა

2012 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო უმკაცრესი კანონმდებლობა მიიღო კოსტა-რიკამაც. მოწევა აიკრძალა ტაქსიში, ავტობუსებში, მატარებლებში, საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში, ბარებში, სამორინეებსა და სამუშაო ოფისებში.

მოწევა ასევე აიკრძალა ყველა დახურულ საზოგადოებრივ შენობაში, ყოველგვარი მოსაწევი ადგილების გარეშე.

 

მალაიზია

მალაიზიაში მოწევა აკრძალულია ისეთ საზოგადოებრივ სივრცეებში, როგორებიცაა საავადმყოფოები, აეროპორტები, საზოგადოებრივი ტუალეტები, სამთავრობო შენობები და ინტერნეტ-კაფეები. 2010 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს 10 000 მალაიზიური რინგიტის (2500$) ჯარიმას ან ორწლიან პატიმრობას მათთვის, ვინც სიგარეტს მოწევს კერძო ოფისში, სადაც ჰაერის კონდიცირებაა ჩართული.

 

ურუგვაი

2004 წელს ურუგვაი პირველი ქვეყანა გახდა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც მოწევა აკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის რესტორნებში, ბარებსა და სამუშაო ოფისებში. 2008 წელს მასობრივი კამპანია დაიწყო სახლში და მანქანებში მოწევის წინააღმდეგ.

 

მომზადებულია BBC-ისა და globalnews.ca-ს მიხედვით

დატოვე კომენტარი