აკაკი ზოიძე - პირველი მაისიდან მწეველებმა ზრუნვა უნდა დაიწყონ იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც არ ეწევიან
აკაკი ზოიძე - პირველი მაისიდან მწეველებმა ზრუნვა უნდა დაიწყონ იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც არ ეწევიან

პირველი მაისიდან მწეველმა მოქალაქეებმა ზრუნვა უნდა დაიწყონ იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც არ ეწევიან, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს დაწყებული კამპანიის “გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან” მიზანია, ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, მწეველთა ინფორმირება მოვახდინოთ, რომ პირველი მაისიდან მათ თავიანთი ძალიან მცირე დისკომფორტის ფასად, თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, კამპანიის მესიჯები იქნება – „გმადლობთ, რომ არ ეწევით“ და „ნუ იქნებით პასიური“.

„ნუ იქნებით პასიური“ ნიშნავს მოქალაქეობრივ პოზიციას. კანონის აღსრულების ეფექტიანობის ხელშემწყობი სწორედ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, არამწეველები იქნებიან, რომლებმაც მწეველებს უნდა მოსთხოვონ, აღარ მოწიონ. თუ გვინდა, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ თანამოქალაქეთა პატივისცემა უნდა დამკვიდრდეს. ეს ერთადერთი გზაა“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელშიც სამოქალაქო სექტორი, სპორტსმენები, მოხალისეები, სტუდენტები და სხვები ჩაერთვებიან, შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ყველას ძალისხმევით შესაძლებელი გახდება, დახურულ შენობაში მოწევის ნორმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი სოციალური დაძაბულობის გარეშე შეიცვალოს.

აკაკი ზოიძემ ასევე თქვა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალება ნებისმიერ დახურულ შენობაში, გარდა პენიტენციური სისტემისა, აეროპორტის სატრანზიტო არეალისა და სიგარ ბარებისა, რომლებიც სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იფუნქციონირებენ და სადაც მხოლოდ და მხოლოდ თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები იქნება. ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტაქსისა და კატერების გარდა.

„გამონაკლისია სასტუმროები. 2020 წლამდე დაშვებულია, ნომრების არაუმეტეს 20%-სა მწეველებისთვის იყოს. ასევე გამონაკლისია დიდი სტადიონები. თუმცა, არასრულწლოვანთა სპორტულ შეჯიბრებებზე მოწევა წელსვე, 1 მაისიდან აიკრძალება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.