აკაკი ზოიძე - პირველ ჯერზე, მეპატრონემ მოქალაქეს დახურულ შენობაში მოწევისთვის გაფრთხილება უნდა მისცეს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრულს გამოუძახოს
აკაკი ზოიძე - პირველ ჯერზე, მეპატრონემ მოქალაქეს დახურულ შენობაში მოწევისთვის გაფრთხილება უნდა მისცეს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრულს გამოუძახოს

პირველ ჯერზე, მეპატრონემ მოქალაქეს, რომელიც დახურულ შენობაში მოწევს, გაფრთხილება უნდა მისცეს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრულს გამოუძახოს, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„არსებობენ ჯიუტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს მაინც არ დაიცავენ. ამ შემთხვევაში, მეპატრონემ პატრული უნდა გამოიძახოს და ასეთ ადამიანს რესტორნიდან ერთხელ და ორჯერ რომ გამოაბრძანებენ, ბოლოს სიჯიუტეც გაუქრება. სლოვენიის პარლამენტში იყო ერთი ლიბერტარიანული იდეოლოგიის დეპუტატი, რომელიც პარლამენტში დადიოდა და ეწეოდა. სენსაციისთვის, მან ჟურნალისტები ერთი კვირის განმავლობაში შეაგროვა, მერე კი დასცინეს, მერე მასხრად აიგდეს და ერთი წლის თავზე აღარ აირჩიეს“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულს არაფერს იგონებს და იგივე გზას გადის, რაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გაიარა.

აკაკი ზოიძე „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში ჩართვისას თქვა, რომ თამბაქოს აკრძალვის მიმართ ევროპაში ერთიანი მიდგომა არ არის, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც სრული აკრძალვა არ არსებობს და რეგულაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

„იმას, რაც ბატონმა ზვიად სხვიტარიძემ ილაპარაკა, ჩვენთან ზომბ არგუმენტებს ეძახიან. თამბაქოს ინდუსტრიას ეს არგუმენტები ყველა ქვეყანაში ერთნაირი მეილით აქვს გამოგზავნილი. ჩვენ ეტაპობრივად გადავედით იმ ეტაპზე, როცა თამბაქოს მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს. იმ ქვეყნებს, რომლებიც მან დაასახელა, მწეველების ჩვენნაირი რაოდენობა არ ჰყავს. ჩვენ ევროპაში მეორე ადგილზე ვართ. წელიწადში 11 000 კაცი გვეღუპება და არ მესმის, რაზე ვლაპარაკობთ?!“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თამბაქოს ბიზნესი არის ბიზნესი, რომელიც მის მიერ მოკვდინებულ თითოეულ ადამიანზე 6 000 დოლარ მოგებას იღებს.

„კლიენტებს რომ დახოცავენ, მერე ახალი კლიენტები სჭირდებათ და რეგულაციების შემოღების მომხრე როგორ იქნებიან?! ეს ბიზნესი დიდი ხანია ასაკრძალია, უბრალოდ, ისევე, როგორც ნარკოტიკების წინააღმდეგ, აკრძალვებით ფონს ვერ გავდივართ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, 2014 წელს მოქალაქეებმა სიგარეტისა და მისი პროდუქტების საყიდლად მილიარდ ასი მილიონი გადაიხადეს, საიდანაც 750 მილიონი თამბაქოს ბიზნესის წარმომადგენელთა ჯიბეში წავიდა. წავიდა საზღვარგარეთ, რაც ლარს დააწვა და სავაჭრო დეფიციტი შექმნა. აქციზის სახით ბიუჯეტში 400 მილიონი შევიდა და ამაზე მეტი ჯანდაცვაში დაიხარჯა დაკარგული პროდუქტიულობის გამო, რაც ამავე ბიზნესმა გამოიწვია.