აკაკი ზოიძე - ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ როგორც კი ვიღაც ვაქცინას გაიკეთებს, ამით დასრულდება პანდემია
აკაკი ზოიძე - ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ როგორც კი ვიღაც ვაქცინას გაიკეთებს, ამით დასრულდება პანდემია

პირველივე დღეებიდან ვინც ვაქცინას გაიკეთებს, არ უნდა ველოდოთ, რომ ის არის აბსოლუტურად თავისუფალი, ვიდრე დიდი რაოდენობით მოქალაქეები არ აიცრებიან, პარალელურად მოგვიწევს შეზღუდვები, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ვაქცინირებული ადამიანების ინდივიდუალური რისკი შემცირდება, მაგრამ საზოგადოებაში გადაცემის რისკი არ შემცირდება. 

„ვაქცინის შემოტანით ველოდებით, რომ დასრულდება პანდემია, რომელიც ბევრი ადამიანისთვის კოშმარად გადაიქცა. მსოფლიომ დაკარგა არამხოლოდ ორ მილიონზე მეტი ადამიანი, არამედ მსოფლიო ბანკის შეფასებით, დაახლოებით ათ ტრილიონამდე ზარალი არის ამ ორი წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრებზეა საუბარი. რამდენად უკან წავედით. ბოლო ათი წლის განმავლობაში რასაც სიღარიბესთან ბრძოლაში მსოფლიომ მიაღწია, პრაქტიკულად ნიველირდა ამ პანდემიის ფონზე, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი ციფრები. ჯერ ჩვენ კიდევ კარგად გაცნობიერებული არ გვაქვს, რა შედეგები მოუტანა ამან მთლიანად მსოფლიო არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით. ველოდებით ამ კოშმარის დასრულებას. ველოდებით რეალურად, რადგან ვაქცინაცია არის ამის ერთადერთი გზა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დაველოდოთ რომ ე.წ. ბუნებრივი გადარჩენის გზით, ყველას დაემართოს და ძნელი დასათვლელია, რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს კიდევ. საქართველოში 2500 ადამიანი დაიღუპა იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 15-დან 20%-მდე შეიძლება გვქონდეს გადატანილი კოვიდი და მოსახლეობის 85%-მა რომ გადაიტანოს, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ როგორც კი ვიღაც ამ ვაქცინას გაიკეთებს, ამით დასრულდება პანდემია.

„წლის ბოლომდე, როდესაც აიცრება 60% მას შემდეგ, ჩვენ შეგვეძლება მნიშვნელოვნად მოვხსნათ ყველა ის შეზღუდვა, რაც დღეს გვაქვს. ზაფხული გვაქვს წინ და ეს გვაძლევს საშუალებას, ნაკლები შეზღუდვებით ვიაროთ, თუმცა მეორე მხრივ, არის ახალი შტამების საქართველოში გავრცელების საშიშროებაც სამხრეთ აფრიკული და ინგლისური ვარიანტის. ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქება გვქონდა, ახლა შედარებით მინელდა ეს პროცესი, მაგრამ ეს შეზღუდვები აღარ იქნება საკმარისი, უფრო მეტი შეზღუდვები მოგვიწევს თუ არ იქნება დროულად ვაქცინაციის პროცესი. ეს არის რბოლა. ტიტანური ძალისხმევა უნდა გავწიოთ ყველამ ერთად, ვაქცინაციის 4-ჯერ გაზრდა ნიშნავს, ვთქვათ, სპორტის სასახლეში, დიდუბის გამოფენის ცენტრებში და ასეთ ადგილებში უნდა მოვაწყოთ, როგორც ისრაელში მოაწყვეს უზარმაზარი ვაქცინაციის ცენტრები, რომ წინასწარ ადამიანები უნდა ჩაეწერონ რიგებში“, – განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, აკაკი ზოიძემ ანტივაქსერებიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ვაქცინაციის კუთხით უიმედო კონტიგენტია.

„ბევრი ადამიანია, რომელიც ყოყმანობს, ლეგიტიმური კითხვები აქვს. უნდა უთხრა, რომ ყოველდღიურად ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს მისთვის, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით, მათ შორის მძიმე მეტალებსაც, რომელიც არის საკვებში, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით, ამით ოდნავ მაინც ზოგიერთებს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ყველა ადამიანთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა არის ჩასატარებელი. ოპერატიული რეაგირების ჯგუფები უნდა იყოს, რომლებიც სოციალურ მედიაში იქნება, თუ სადაც იქნება, როცა ეს სენტიმენტები გაჩნდება, მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, მაშინვე უნდა დავუპირისპიროთ რეალობა, მომენტალურად უნდა იქნას ეს იდენტიფიცირებული, ამოღებული. ამის ტექნოლოგიები არსებობს. პირველივე დღეებიდან ვინც ვაქცინას გაიკეთებს, არ უნდა ველოდოთ, რომ ის არის აბსოლუტურად თავისუფალი. ვიდრე არ მოხდება მოცვა დიდი რაოდენობით მოქალაქეების, ჩვენ პარალელურად მოგვიწევს შეზღუდვები, ოღონდ გონივრული. ვაქცინირებული ადამიანების ინდივიდუალური რისკი შემცირდება, მაგრამ საზოგადოებაში გადაცემის რისკი ჯერ არ შემცირდება“, – განაცხადა ზოიძემ.

დატოვე კომენტარი