აკაკი ზოიძე - ვაქცინაციის პროცესი უშიშროების დონეზე უნდა იყოს აყვანილი
აკაკი ზოიძე - ვაქცინაციის პროცესი უშიშროების დონეზე უნდა იყოს აყვანილი

დღეს უშიშროების სამსახურიც ამაზე უნდა მუშაობდეს, რომ უყუროს, რა დეზინფორმაციას გვიგდებენ მოწინააღმდეგე სახელმწიფოები, რადგან დესტაბილიზაციის ყველაზე კარგი საშუალება ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩავარდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვაქცინაციის პროცესი უშიშროების, უსაფრთხოების დონეზე უნდა იქნას აყვანილი, რაც ჩვენ გაგვიკეთებია. 2008 წლის ომის დროს რუსეთის დეზინფორმაციას როგორც ებრძოდნენ, აქაც ისეთივე ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. ამაზე დიდი ეგზისტენციალური საკითხი არ არსებობს. ადამიანებისთვის ამის ახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. არა ის, ვინ როდის რას გააკეთებს, არამედ ის, რომ შენ ეკონომიკა უნდა გადაარჩინო და ასობით ათას ადამიანს ცხოვრების საშუალება მისცე“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ის სკეპტიკურად არის განწყობილი საინფორმაციო კამპანიის კუთხით.

„უფრო მეტი სისუსტე იმ ნაწილშია, რომ ჩვენ თავიდანვე მასობრივი კომუნიკაცია არ დავიწყეთ, ეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ ავიდა და ეს პროცესი უმაღლესი პოლიტიკური ჩართულობით არ მოხდა. როგორ შეიძლება, დღეს ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის, პარლამენტში ვინ შევა და ვინ არ შევა?! რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანა რომ გადარჩეს, გაცილებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის გადარჩენა“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, მოქალაქეებში სამართლიანობის შეგრძნება გაჩნდეს, რომ წესი ყველასთვის წესია და რეგულაცია ყველასთვის რეგულაციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ რეგულაციების დაცვა არ უნდა მოვთხოვოთ.

„გავაჩინოთ სამართლიანობის შეგრძნება და არ დაგვჭირდება არავითარი ლოკდაუნები. თუ ადამიანებს მაგალითი მივეცით იმის, რომ რეგულაციები სრულდება და რომ ყველა თანასწორია, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. ლოკდაუნი დღეს დამღუპველი იქნება, მაგრამ თუ ადამიანები არ დაარწმუნე, რომ რეგულაციები დაიცვან და ეს სუფრები რეალურად არ აღკვეთე, ვითარება როგორ უნდა შეცვალო? ვერავინ ვერ დამაჯერებს, რაიონში სამასი, ხუთასკაციანი ქორწილი, ან დაბადების დღე რომ იხდება და იმ სუფრაზე პოლიციის უფროსი ზის, ამის შესახებ არავინ არ იცის. პოლიციის უფროსი რომც არ იჯდეს, მაინც“, – განაცხადა ზოიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხეს ვაქცინაციის მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაცია და რატომ შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, რომლის არსებობის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტრომაც აღნიშნა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ თუ რეგისტრაციის ადმინისტრირებისთვის მესამე მხარის ჩართვაა საჭირო, ეს უნდა გაკეთდეს.

„თუ საჭიროა, რომ ადმინისტრირებისთვის მესამე მხარე ჩართო, ეს უნდა გააკეთო. ჩვენთან არის საიტები, რომლის გამოყენების შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნება. რამდენადაც ვიცი, საქართველო მოწინავე იყო ამ ტექნოლოგიებით, საჯარო რეესტრი რომ გავიხსენოთ“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აღნიშნა, დიდ ქალაქებში მოსახლეობის 35%-ს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და თუ მომდევნო ორი თვის განმავლობაში 20%-ის აცრა მოხერხდა, ამან შესაძლოა, გავრცელება ყოველგვარი ლოკდაუნების გარეშე შეამციროს.

„რა თქმა უნდა, საშიშროება დარჩება, მაგრამ არა ისეთი მძიმე საშიშროება, როგორშიც დღეს ვართ“, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს ექთნის დღეა და გაწეული უდიდესი შრომისთვის ყველა მედდას მადლობა გადაუხადა.