ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დაკავებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მათ პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, საქმის პროკურორის თქმით, მას დღეს წარედგინება ბრალი და პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მიმართავს.

„დღეის მდგომარეობით სასამართლოში ჩატარდა სამი ბრალდებულის აღკვეთის შეფარდების სასამართლო სხდომა, მათ შეეფარდათ პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებულობა. ამ საქმეზე არის ასევე მეოთხე დაკავებული, რომელიც დაკავებულ იქნა გუშინ, მას დღეს წარედგინება ბრალდება და ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. სამი ბრალდებული, რომელთაც შეეფარდათ პატიმრობა, 19 სექტემბერს დააკავეს“, – აღნიშნა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ამასთან, პროკურორმა უპასუხა დაკავებული პირების ადვოკატების განცხადებებს. მისი თქმით, სიცრუეა ადვოკატების მხრიდან საუბარი, თითქოს ბრალდების მხარეს არ მოეპოვება მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას.

პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეშია დაზარალებულთა ჩვენებები, დაზარალებულთა მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები.

გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ თითოეულ პირს წარდგენოდა ბრალდება.

„მოპოვებულია არაერთი ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის შანგრილადან გამოთხოვილი ჩანაწერი, სადაც ცალსახად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც დაზარალებულები მიუთითებენ. მოცემულ შემთხვევაში თითოეულ ბრალდებულს ჩვენ ვედავებით ერთი მხრივ გამოძალვას დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთას და ჯგუფის მიერ იძულებას. ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი, რაც დაზარალებულთან ჩვენებებთან თანხვედრაშია“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულები ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ, პროკურორის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გაჟღერდა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზეც.

„ბრალდებულებმა, როდესაც დაკავებულები იყვნენ, გამოიყენეს დუმილის უფლება, გამოძიებას არ მისცეს ჩვენება, ეს მათი უფლებაა, თუმცა სასამართლოზე გაჟღერდა პოზიცია, რომ დაზარალებულებს გააჩნდათ მათ მიმართ ფინანსური ვალდებულება, რაც არ არის დაფიქსირებული დაზარალებულთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. თუმცა ვინაიდან ბრალდებულები მიუთითებენ ამ კონკრეტულ გარემოებებზე, გამოძიება დაინტერესდება ამ კუთხით და თუ სხვა გარემოება გამოიკვეთება, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ“, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხი პირი – 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ ბრალი.