ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს, თითქოს ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს, ამას ორგანიზება უწევთ უცხოური დაფინანსების მქონე გარკვეულ არასამთავრობოებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს, თითქოს ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს, ამას ორგანიზება უწევთ უცხოური დაფინანსების მქონე გარკვეულ არასამთავრობოებს

სასამართლო სისტემა ყველა მონაცემებით აჩვენებს, რომ მდგომარეობა ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია, ეს, პირველ რიგში, სასამართლო გადაწყვეტილებებში აისახება, მათ შორის იმით, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებითაც კი, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ყოველთვის საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდამჭერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, კონკრეტული პირები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ითხოვენ სასამართლოში ისეთ ჩარევას, რომელიც საშუალებას მისცემს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს, სასამართლო სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ.

„გამოიგონეს ახალი სისტემა, რომელიც ორ ქვეყანაში განახორციელეს და შედეგი ნულოვანია. „ვეტინგი“ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ექსპერტი გადაწყვეტს, ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არ არის კეთილსინდისიერი. სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და ქალაქში წარწერების გაკეთება დაიწყეს, რათა მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან განწყობა, თითქოს ისეთი მდგომარეობაა სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს. ამას ორგანიზება უწევთ უცხოური დაფინანსების მქონე გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.