მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სასამართლოს ისევ დაარტყას და ამაში ენჯეოსექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ, ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, სასამართლოს ისევ დაარტყას და ამაში ენჯეოსექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ, ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ

საქართველოში უცხოელების ფული, ნაცვლად იმისა, რომ მოხმარდეს სასამართლოს გაჯანსაღებას, კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას, მის ხარისხს, იხარჯება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის და ეს ხდება იმ პარტიასთან ერთად, რომელმაც სასამართლო ჯიბეში ჩაიდო და გაანადგურა. უფრო დიდი შეურაცხყოფა ქართული სასამართლოსთვის არასდროს არავის მიუყენებია, ვიდრე „ნაცმოძრაობას“. სასამართლო გააუპატიურეს და ეს ხალხი გეგმავს სასამართლოს დისკრედიტაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს დისკრედიტაციაში ხელს უწყობს ენჯეოსექტორი. მისივე განცხადებით, ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სამართლისა და სასამართლოს წინააღმდეგ.

„სასამართლოს დისკრედიტაციას გეგმავს „ნაცმოძრაობა“. რა უქნეს სასამართლოს თავიანთი მმართველობის პერიოდში, ყველას გვახსოვს. დღეს ცდილობენ, რომ სასამართლოს ისევ დაარტყან და ამაში ენჯეოსექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, „ენჯეო“, რომელიც უნდა ებრძოდეს ყველას, ვინც კი სასამართლოს დისკრედიტაციას შეეცდება და ვინც კი დეზინფორმაციის გავრცელებას შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს ადამიანები თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებით, თვითონ ხარჯავენ მიღებულ გრანტებს იმაში, რომ სასამართლო დააზიანონ. მეტი მავნებლობა რა უნდა ქნან, ვეღარ წარმომიდგენია. ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სამართლისა და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.