მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას მიმართავს - რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს, ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება?
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას მიმართავს - რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს, ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება?

კეთილსინდისიერების აუცილებლობაზე არავინ დაობს და ყველა მოველით, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი. მიჩნდება კითხვები, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვთ უცხოელი ექსპერტების ჩართვით, რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს, ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება? – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რომელი ევროპული სტანდარტით და წესით ხდება უცხოელი ექსპერტების შერჩევა, რომლებსაც აქვთ კეთილსინდისიერების ის ხარისხი, რომ სხვა სუვერენული ქვეყნის მოსამართლის კეთილსინდისიერება შეამოწმონ?

„რითი განსხვავდება ქართული სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევები ევროპის რომელიმე ქვეყნის სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევებისგან? იმისათვის, რომ ასეთი ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენებას ითხოვთ, რაც, ფაქტობრივად, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას და გაურკვეველი კრიტერიუმებით და წესებით მოვლენილი უცხოელი ექსპერტებისათვის გადაბარებას ნიშნავს? ყველაფერს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევისკენ არის მიმართული თქვენ უქმნით ნოყიერ ნიადაგს. თქვენს კეთილსინდისიერებას რაც შეეხება ევროპულ მომავალთან მიმართებაში, ორი კვირის წინ ყველამ კარგად დავინახეთ, ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელს შორის როგორ არცერთს არ აღმოაჩნდა ნება, ხელი მოეწერა საქართველოს ინტერესების დამცველი რეზოლუციისთვის. ეს იყო ზუსტი პასუხი კითხვაზე, სინამდვილეში, როგორ გადარდებთ საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.