სუს-ი - სპეცოპერაციის დროს ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის. მოსახლეობას მოვუწოდებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ“, – განაცხადა გიორგობიანმა.