სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე შეიძლება მომდევნო რამდენიმე ათწლეულში აფეთქდეს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჩვენგან დაახლოებით 650 სინათლის წლის მანძილზე, ერთი ხნიერი, წითელი ვარსკვლავი კვდება. ბეთელგეიზეს მდგომარეობის ახალი პროგნოზი ეფუძნება პულსაციებს, რომლებიც მიუთითებს, რომ სახელგანთქმული წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის აფეთქებამდე მხოლოდ რამდენიმე ათწლეული უნდა იყოს დარჩენილი.
იაპონიის ტოჰოკუს უნივერსიტეტისა და შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბეთელგეიზეს სიკაშკაშის რხევები ხელახლა შეაფასეს და დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ისინი ვარსკვლავის სიცოცხლის მთლად ბოლო ეტაპს წარმოადგენს.
მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავი თუ იქცევს საზოგადოების მხრიდან იმხელა ყურადღებას, რამხელასაც წითელი სუპერგიგანტი ბეთელგეიზე. 2019 წელს ის უეცრად ჩაბნელდა და ასტრონომები უკვე მის სიკვდილს ელოდნენ. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ვარსკვლავმა რაღაც ბნელი და მტვრიანი გამოაფრქვია, რამაც მისი ნათება დროებით დაჩრდილა.
ამ წლის დასაწყისში, ბეთელგეიზეს ჩვეულმა სიკაშკაშემ პიკს მიაღწია და ჩვეულზე 1,5-ჯერ მეტად აკაშკაშდა. კვლავ გაჩნდა სპეკულაციები მისი ბედის შესახებ; მეცნიერებს აინტერესებდათ, ეს ცვლილება სიკვდილის მომასწავებელი იყო თუ სიბერის გამო აჩქარებული პულსაციის შედეგი.
ერთ დროს ცხელი, მძიმეწონიანი მონსტრი, O-ტიპის ვარსკვლავი ბეთელგეიზე, ისევე როგორც ამ ტიპის სხვა ვარსკვლავები, საწვავს სწრაფად წვავს და ახალგაზრდა კვდება; მათი სიცოცხლე მხოლოდ დაახლოებით 10 მილიონ წელიწადს გრძელდება.
ის უკვე საკმაოდ გაბერილია, საწვავის მარაგი ცოტა აქვს და მისი წლებიც დათვლილია. თუ რამდენი წელი დარჩა — ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ერთ-ერთი ასეთია მისი ნამდვილი ზომა, რაც დიდი კამათის საგანი იყო მეოცე საუკუნეში. უახლესი გაზომვების თანახმად, ის უფრო კომპაქტურია და როგორც შეფასებები მიუთითებდა, აფეთქებამდე ვარსკვლავს ჯერ მრავალი ათეულ-ათასი წელი აშორებს.
არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბეთელგეიზეს სიკვდილი ჯერ არ უწერია.
მრავალი სხვა ვარსკვლავის მსგავსად, მისი გარე ფენები შეკუმშვისა და გაფართოების ეკვილიბრუმში პულსირებს, რასაც წნევისა და გრავიტაციის ჭიდილის შიდა დინამიკა წარმოქმნის.
შედეგად მიღებული სიკაშკაშის რხევები აღინიშნება სიხშირეებში, რომლებიც თვეობით ან წლობით მეორდება; ბეთელგეიზეს შემთხვევაში, მისი ორი ყველაზე გამორჩეული პერიოდი დაახლოებით 2200 და 420 დღეს გრძელდება.
მოკლე პერიოდს მისი უზარმაზარი გულის დომინანტ „ფეთქვად“ განიხილავენ, რაც წარმოადგენს რხევებს ვარსკვლავის მთელ გარშემოწერილობაში, რასაც მის რადიალურ ფუნდამენტურ რეჟიმს უწოდებენ. ამ შედარებით სწრაფ გაფართოებასა და შეკუმშვაზე დაფუძნებული გამოთვლები სწორედ ის არის, რასაც O-ტიპის ოდნავ პატარა და შესაბამისად, ახალგაზრდა ვარსკვლავისგან უნდა ველოდეთ.
მაგრამ რა მოხდება, თუ 2200-დღიანი ციკლი უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ჩანს? ახალი კვლევის ავტორები არ ჩქარობენ, რომ გამორიცხონ გაცილებით ნელი პულსი, როგორც ე. წ. მეორეული გრძელი პერიოდი; მათი რწმუნებით, ბეთელგეიზეს მსგავს სუპერგიგანტებში სიკაშკაშის რხევების თერმოდინამიკა ცოტა უფრო გართულებულია, ვიდრე უმეტეს სხვა ვარსკვლავში.
თუკი ვარსკვლავი ატომის ბირთვებს ოდნავ დიდ ელემენტებად გააერთიანებს, მაგალითად, ნახშირბადად, შეიძლება, მისი რადიალური პულსირების პერიოდი გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს. მოკლე ხანგრძლივობის რადიალური რეჟიმების მიხედვით, ბეთელგეიზეს რადიუსი მზისას 800-900-ჯერ უნდა აჭარბებდეს. მაგრამ როგორც მკვლევართა ჯგუფმა აჩვენა, გრძელი პულსების მიხედვით, მისი რადიუსი მზისას 1300-ჯერ უნდა აღემატებოდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ მასის ბირთვში კონცენტრირებასთან ერთად, ბეთელგეიზეს გარე შრეები გაცილებით დიდად იბერებიან და საწვავს იმდენად სწრაფად წვავს, რომ ის შეიძლება არა ათასწლეულებში, არამედ ათწლეულებში ამოიწუროს.
კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ მასში წარმოებული გაანგარიშებები და ლოგიკა საკმარისია, რათა გარკვეულწილად ოპტიმისტურად დავრჩეთ, რომ ბეთელგეიზეს სუპერნოვად აფეთქება ჩვენს სიცოცხლეში მოხდება.
კარგი შანსია, რომ თუ მოდელი მართებულია, საუკუნის შუა წლებში, შეიძლება ერთ მშვენიერ ღამეს ვიხილოთ, როგორ გადაანათებს ბეთელგეიზე მყისიერად მთელ ცას, დაჩრდილავს ყველა ვარსკვლავის ნათებას და შემდეგ, თავისსავე თანავარსკვლავედში სამუდამოდ მიიმალება.
ეჭვგარეშეა, რომ ბეთელგეიზეს რეალური ზომის და მისი სიკვდილის სიახლოვის შესახებ დებატები კვლავ გაგრძელდება.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.