სუპერგიგანტ ვარსკვლავ ბეთელგეიზეს უცნაური ჩაბნელების მიზეზი საბოლოოდ ცნობილია — #1tvმეცნიერება
ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ბეთელგეიზეს ბოლოდროინდელი ჩაბნელების მიზეზი ამ სუპერგიგანტი ვარსკვლავის მიერ კოსმოსში გამოტყორცნილი მატერიის უზარმაზარი ღრუბელი გახდა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
კაშკაშა ვარსკვლავი ბეთელგეიზე ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს, არის ჩვენს მზეზე დაახლოებით 11-ჯერ მასიური, ზომით კი 900-ჯერ დიდი. ასეთი გაბერილი მდგომარეობა მიუთითებს, რომ ბეთელგეიზე სიკვდილთან ახლოს არის, რაც სუპერნოვად აფეთქების სახით დადგება.
2019 წლის შემოდგომაზე, ბეთელგეიზემ თვალშისაცემად ჩაბნელება დაიწყო და უკვე თებერვლისთვის, სიკაშკაშის თითქმის ორი-მესამედი დაკარგა. ასეთმა დრამატულმა ჩაბნელებამ გააჩინა ეჭვი, რომ ვარსკვლავი აფეთქებისთვის ემზადებოდა. ბეთელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან განვითარებული მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, სინამდვილეში მე-14 საუკუნეში მოხდა.
თუმცა, აფეთქება არ მოხდა. 2020 წლის მაისისთვის ბეთელგეიზემ სიკაშკაშის ნორნალური მაჩვენებელი კვლავ დაიბრუნა. ამან კი სპეკულაციათა ახალი ტალღა ააგორა, ამჯერად ჩაბნელების მიზეზის შესახებ. ზოგიერთი მეცნიერი ჩაბნელებას სინათლის მბლოკავ მტვრის ღრუბელს უკავშირებდა, ზოგიც ვარსკვლავის ზედაპირზე არსებულ დიდ ლაქებს.
ახალი კვლევა მხარს უჭერს მტვრის ჰიპოთეზას, მაგრამ ამატებს ერთ დეტალს — მტვრის ეს ღრუბელი თავად ბეთელგეიზემ ამოტყორცნა.
2019-2020 წლებში მკვლევრები მეთელგეიზეს ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით სწავლობდნენ. 2019 წლის სექტემბერ-ნოემბრის მონაკვეთში წარმოებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ბეთელგეიზეს ზედაპირიდან მისი ზედა ატმოსფეროსკენ წარმოუდგენლად სწრაფად, 320 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა უზარმაზარი ოდენობის მატერია.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ამ პერიოდში ბეთელგეიზემ საკუთარი სამხრეთ ნახევარსფეროდან იმაზე ორჯერ მეტი მატერია დაკარგა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში კარგავს.
ბეთელგეიზედან ამოსვლისა და მილიონობით კილომეტრის გავლის შემდეგ, ეს სუპრცხელი პლაზმა, ანუ ელექტრულად დამუხტული გაზი მნიშვნელოვნად ცივდება, მტვრის მარცვლებად კონდენსირდება და წარმოქმნის სინათლის მბლოკავ ღრუბელს. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში წერენ.
„ეს მატერია ვარსკვლავის ნორმალურ სიკაშაშეზე 2-4-ჯერ კაშკაშა იყო. თვეების შემდეგ, ბეთელგეიზეს სამხრეთ ნაწილი თვალშისაემად ჩაბნელდა და ვარსკვლავიც გამკრთალდა. ვფიქრობთ, ამის მიზეზი მისგან გამოტყორცნილი მატერიისგან წარმოქმნილი ბნელი ღრუბელი გახდა, რომელიც ჰაბლმაც დააფიქსირა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკური ცენტრის დირექტორი ანდრეა დიუპრი.
ეს მოსაზრება ჰაბლის დამატებითმა დაკვირვებებმაც დაადასტურა. ულტრაიისფერმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბეთელგეიზეს გარე ატმოსფერო ნორმალურ მდგომარეობას 2020 წლის თებერვალში დაუბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ტალღის ხილულ სიგრძეებში ჩაბნელება გრძელდებოდა.
უცნობია, რამ გამოიწვია ბეთელგეიზეს ამოფრქვევა 2019 წლის შემოდგომაზე. თუმცა, დიუპრი და კვლევის სხვა თანაავტორები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ვარსკვლავის რეგულარული პულსაცია იყო.
სუპერგიგანტი ბეთელგეიზე 420-დღიანი ციკლით ფართოვდება და იკუმშება. ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ ამოფრქვევა სწორედ მისი გაფართოების დროს მოხდა.
დიუპრი ჰაბლით დაკვირვებების გაგრძელებას გეგმავს; იგივეს აპირებენ სხვა ასტრონომებიც. სუპერგიგანტი თავის ამჟამინდელ მდგომარეობაშიც საკმაოდ საინტერესოა და მასზე დაკვირვებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ის უახლოეს მომავალში მართლაც აფეთქდება სუპერნოვად.
„არავინ იცის, რას იზამს ვარსკვლავი სუპერნოვად აფეთქებამდე, რადგან ასეთ რამეს არასოდეს დავკვირვებივართ. როგორც წესი, დაკვირვებები ჩატარებული გვაქვს სუპერნოვად აფეთქებებამდე წლობით ადრე, მაგრამ ვარსკვლავებს არასოდეს დავკვირვებივართ აფეთქებამდე დღეებით ან კვირებით ადრე. თუმცა, იმის შანსი, რომ ბეთელგეიზე უახლოეს მომავალში აფეთქდება, საკმაოდ მცირეა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკური ცენტრის დირექტორი ანდრეა დიუპრი.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.