სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახების ნაწილი საკუთარ ბინებში დაბრუნდა
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზარალებული 17 ოჯახი, რომელიც დროებით საცხოვრებელ ბინებში გადაიყვანეს, საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, კორპუსში სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი აღდგა, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები. პარალელურად, მიმდინარეობს იმ რვა ოჯახის საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სრულად განადგურდა.
აღნიშნული ოჯახები კვლავ დროებით საცხოვრებელ ფართებში რჩებიან. საუშაოების დასრულების შემდეგ კი, შესაძლებლობა ექნებათ, რეაბილიტირებულ ბინებს დაუბრუნდნენ.