სპეცოპერაციის ადგილიდან სავარაუდოდ, დაჭრილი პირი გაიყვანეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ სავარაუდოდ, ერთი დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება. სასწრაფო დახმარების მანქანას საპატრულო პოლიციის ავტომობილიც გაყვა.

ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.