SpaceX-მა NASA-ს პლანეტებზე მონადირე ტელესკოპის კოსმოსში გაშვება გადადო
გუშინ, 16 აპრილს, SpaceX-ის რაკეტას კოსმოსში უნდა გაეტანა NASA-ს პლანეტებზე მონადირე თანამგზავრი TESS-ი (Transiting Exoplanet Survey Satellite)
თუმცა, გაშვება გადაიდო. ჯგუფის ცნობით, ტელესკოპი კოსმოსში 18 აპრილს გაეშვება.
პრობლემა გამწევ რაკეტას, SpaceX Falcon 9-ს შეექმნა.
„დღევანდელი გაშვება გადადებულია, საჭიროა დამატებითი GNC ანალიზები. ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა NASA-ს TESS-ი ოთხშაბათს, 18 აპრილს გაეშვას (GNC – ხელმძღვანელობა, ნავიგაცია და კონტროლი)“, — დაწერა SpaceX-ის წარმომადგენელმა Twitter-ზე.
NASA-ს განცხადებით, TESS-ის მდგომარეობა შესაშურია და მას არაფერი სჭირს.
ტელესკოპი TESS-ი თითქმის ათი წელი მზადდებოდა. მისი მთავარი მიზანია მზესთან შედარებით ახლომდებარე ვარსკვლავთა პლანეტებზე ნადირობა. ხელმძღვანელთა განცხადებით, ძირითადი ორწლიანი მისიის ფარგლებში მოსალოდნელია ათასობოთ ეგზოპლანეტის აღმოჩენა.
მის მიერ აღმოჩენილი დედამიწის ზომის ზოგიერთი პლანეტა შემდეგში კვლევის მთავარი სამიზნე გახდება ისეთი მძლავრი ტელესკოპებისათვის, როგორიცაა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. ჯეიმს ვების ღირებულება 8,8 $ მილიარდია და კოსმოსში 2020 წელს გაეშვება. ვებს საშუალება ექნება TESS-ის მიერ აღმოჩენილ პლანეტათა ატმოსფეროში დააფიქსიროს „ბიოხელწერა“, ანუ ჟანგბადი და მეთანი.
TESS-ი NASA-ს ლეგენდარული ტელესკოპის, კეპლერის მემკვიდრეა, რომელსაც უკვე აღმოჩენილი აქვს 2600 ეგზოპლანეტა. თუმცა, კეპლერს საწვავი ეწურება და რამდენიმე თვეში უსარგებლო გახდება.
კეპლერის მსგავსად, ეგზოპლანეტათა საპოვნელად TESS-იც „ტრანზიტის მეთოდს“ გამოიყენებს, ანუ დააკვირდება მცირე ჩაბნელებებს სინათლეში, რაც გამოწვეულია დედავარსკვლავსა და ტელესკოპს შორის პლანეტის ჩავლით. TESS-ი დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს (13,7 დღიანი ორბიტა), კეპლერი კი მზის გარშემო მოძრაობს.