სოზარ სუბარი - ბორელის განცხადებისა და ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ბევრმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს
სოზარ სუბარი - ბორელის განცხადებისა და ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ბევრმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი განმარტავს, რომ საარჩევნო რეფორმა უკავშირდება არჩევნების ჩატარების წესს და არა იმას, იყო თუ არა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები სამართლიანი.

„საარჩევნო რეფორმა არანაირად არ უკავშირდება იმას, არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი. საარჩევნო რეფორმა არის არჩევნების ჩატარების წესზე. მაგალითად, რაც არ უნდა სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო 20 და 30 წლის წინ საქართველოში, ეს არჩევნები ვერანაირად ვერ ჩატარდებოდა ელექტრონული ფორმით. დღეს ვლაპარაკობთ, რომ არჩევნები ელექტრონული ფორმით უნდა ჩატარდეს. უნდა იყოს მაჟორიტარული არჩევნები, სრულად პროპორციული, ნახევრად მაჟორიტარული, თუ ნახევრად პროპორციული, ეს სამართლიანობას კი არ უკავშირდება, უკავშირდება მიდგომას, თუ როგორი ტიპის არჩევნები გვინდა.

ამერიკის შერთებულ შტატებში და ბრიტანეთში არის სრულიად მაჟორიტარული არჩევნები და სამართლიანი არჩევნები ტარდება. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის სრულიად პროპორციული და ბევრგან შერეული. ეს სამართლიანიბასთან არაფერ შუაში არის. არჩევნების წესზეა, როგორი უნდა იყოს ბარიერი – ნულ პროცენტიანი, ერთ პროცენტიანი, ხუთ პროცენტიანი, თუ როგორც მეზობელ ქვეყანა თურქეთშია ათ პროცენტიანი. ეს სამართლიანობას არ უკავშირდება, ეს თამაშის წესებზე შეთანხმებაა, რომ იყოს უფრო მისადაგებული ზოგადად საქართველოსადმი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პლუს, კონკრეტული პოლიტიკური ვითარებისადმიც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ჟოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებას, სუბარის შეფასებით, ბორელის განცხადების და ზოგადად, ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა.

„ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს პლიტიკური დებატები, პოლიტიკური ბრძოლის ადგილი პარლამენტია. ეს უკვე მათ განცხადებებში გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ოპოზიცის მეორე ნაწილი, დარწმუნებული ვარ, დღეს, ხვალ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე წავა.

მართლა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამსახურებაა ის, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი 8-წლიანი მოღვაწეობის შედეგად ქუჩის პოლიტიკის დრო დამთავრდა. ქუჩაში პოლიტიკის კეთების დრო დამთავრდა. პოლიტიკა ინსტიტუციებში გადავიდა და პოლიტიკა პარლამენტში შემოვიდა. ამას სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი იაზრებს“, – დასძინა სოზარ სუბარმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.

მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად.

ამასთან, ბორელის განმარტებით, მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები. აქვე, ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.