სოზარ სუბარი - ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია, სიამოვნებით მოვისმენდი ევროკავშირის პრესსპიკერის შეფასებას კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო და რომელიც ევროკავშირის დონეზე თითქმის მიღებულია
სოზარ სუბარი - ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია, სიამოვნებით მოვისმენდი ევროკავშირის პრესსპიკერის შეფასებას კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო და რომელიც ევროკავშირის დონეზე თითქმის მიღებულია

მეგობრებს არაფერი აქვთ დასამალი. ღამე სიარული უყვარს ქურდს და მტერს. ვისაც კარგი მიზნები აქვს, გამჭვირვალობის ახალი ფანჯარა უნდა უხაროდეს, ვისაც ცუდი, მათთვის კანონის მიღება ცუდი იქნება, თუმცა კანონს აუცილებლად მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას, სუბარის თქმით, ორმაგი სტანდარტი, დისკრიმინაციული მიდგომა და ზემოდან ყურება დაუშვებელია ნებისმიერი პირისგან.

„ჩვენ სახელმწიფო ვართ და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ. როცა ევროკავშირის პრესსპიკერი ამბობს, თითქოს ცვლილებები ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მის შეფასებას იმ კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო და რომელიც თითქმის მიღებულია ევროკავშირის დონეზე და გაცილებით მკაცრია. არანაირი ტოლობა ამ კანონსა და საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრობას შორის არ არის, თუმცა ჩვენმა ძალიან მტკიცე პოზიციამ შეცვალა დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, ისინი ამას „რუსულ კანონს“ ისე თამამად ვეღარ უწოდებენ, როგორც ერთი წლის წინ ბედავდნენ. ფოტიგები და ვიღაცეები რას იტყვიან, მართლა არ გვაინტერესებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების თანახმად, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად, კვლავ განიხილება.