სოზარ სუბარი - მეთიუ მილერს, ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოსადმი ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს
სოზარ სუბარი - მეთიუ მილერს, ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოსადმი ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მოთხოვნისა, ამერიკულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ამ მოსამართლეების რაიმე სახის დანაშაულისა, რის გამოც მოხდა მათ სანქცირება. ამასთან, სოზარ სუბარი აქვეყნებს ქართული და ამერიკული სასამართლოს ნდობის რეიტინგებს.

„გუშინ ღამით სახელმწიფო დეპარტამენტიდან მორიგი დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, როგორც პატრონმა მონას, ვასალმა ყმას, სწორედ ამ ტონალობაში მოგვიწოდა, დავიჭიროთ და დავსაჯოთ ქართველი მოსამართლეები, რომელთა დანაშაულის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენაზე უარს გვეუბნებიან, რადგან ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არა აქვთ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუმცა წინა ელჩმა, კელი დეგნანმა ამრეზით გვიპასუხა – ინფორმაცია ღია წყაროებში მოიძიეთო. ეს არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ამ ფონზე, ქართული სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და 2012 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად გაჯანსაღებულია. ამ ყველაფერმა ერთი ქართული გამონათქვამი გამახსენა: სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, – წერს სოზარ სუბარი.

სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა:„სანქციებს ვაწესებთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ასევე, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხელყოფისთვის. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.