სოსო ბარათაშვილი - სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია უნდა გააუქმოს
„დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბევრი პრობლემაა, რის გამოც შესაძლოა, ბრალდებული ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
ადვოკატის თქმით, მათ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის თურქეთში ექსტრადიცია უნდა გააუქმოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს ადმინისტრაციული პროცესი გაიმართება.
ადვოკატების მოთხოვნა უცვლელია – ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომლების საქალაქო სასამართლოსა და დევნილთა სამინისტროს წარუდგინეს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.
ჩაბუქის წინასაექტრადიციო პერიოდი თებერვალში იწურება.