ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე  ხვალ პროკურატურაში ვერ გამოცხადდება, რადგან მისი გამოკითხვა საერთაშორისო კანონით რეგულირდება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე ხვალ პროკურატურაში ვერ გამოცხადდება, რადგან მისი გამოკითხვა საერთაშორისო კანონით რეგულირდება

პროკურატურამ ალბათ არ იცოდა, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე გერმანიის მოქალაქეა და მისი დაკითხვა საერთაშორისო კანონით რეგულირდება, – ამის შესახებ პირველ არხს ფონდ “იავნანას” და პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ბურჭულაძის მეუღლის პროკურატურაში დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დღეს მიმართავს მთავარ საგამოძიებო უწყებას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს.

როგორც ცნობილია, ფონდ “იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო გამოძიებამ პირველი მარტისთვის დაკითხვაზე დაიბარა “იავნანადან” თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

“ის არის გერმანიის მოქალაქე და ალბათ გამოძიებამ არ იცოდა. ასეთი ტიპის დაკითხვა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო დახმარების შესახებ კანონით რეგულირდება. თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, უნდა აანაზღაუროს ანჟელა ვასილენკოს მგზავრობის და მოცდენის ხარჯები, შეათანხმოს ჩამოსვლის დრო და ამის შემდეგ, მოწმე თავად გააკეთებს არჩევანს ჩვენება გამოძიებას მისცეს თუ სასამართლოში გამოკითხონ”, – განმარტა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, თუ კი აღნიშნული პროცედურები ჩატარდება, ანჟელა ვასილენკო სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას აირჩევს.

ფონდ “იავნანას” ირგვლივ გამოძიება რამდენიმე თვეა დაიწყო და სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლით მიმდინარეობს.