სოსო ბარათაშვილი - საქმის მასალების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში 
სოსო ბარათაშვილი - საქმის მასალების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში 

საქმის მასალების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, როდესაც მან მოიწვია ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი. დაავალა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ წილები, – ამის შესახებ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატები ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს უსმენენ.

როგორც სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, 2012 წლის ნოემბერში ბატონმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საჩივრით მიმართეს პროკურატურას მათ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

„დაიწყო გამოძიება, დაიკითხა მრავალი ადამიანი, ამოღებულ იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია. დაკითხული არიან ირაკლი ოქრუაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, ჯემალ ინაიშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, გიორგი გეგეშიძე და მრავალი სხვა ადამიანი. საქმეში არის პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები, თუ როგორ მოხდა წართმევა, სად დაიგეგმა, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი. საქმის მასალების მიხედვით, ეს დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, როდესაც მან მოიწვია ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი. დაავალა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ წილები. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეს თავად მოაგვარებდა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს დაავალა, რომ მას ემუშავა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან. ამას ქრონოლოგიურად მოსდევს ის, რომ პირადად შეხვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი რესტორანში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, პირდაპირ დასვეს საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს წილები უნდა გადაფორმებულიყო“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის უარის შემდეგ დაიწყო მათი ყოველდღიური თვალთვალი.

„ეს იყო უმძიმესი დარტყმა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის, ვინაიდან „რუსთავი 2“-ს აღებული ჰქონდა კრედიტი 2,5 მლნ, როგორც მახსოვს დოლარი, და კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პირადი ქონება, უძრავი ქონება, ასევე მათი წილები „ჯორჯია ონლაინში“. ფაქტობრივად, მეორე დღესვე უკვე კრედიტორებისგან მოვიდა გამაფრთხილებელი წერილები, რომ ისინი იწყებდნენ ასე ვთქვათ უზრუნველყოფის საშუალების დაუფლებას. ამან გახადა იძულებული დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, წასულიყვნენ წილების გადაფორმებაზე და მართლაც ასე მოხდა. არაერთი ნოტარიუსი, მათ შორის ცნობილი ნუნუ გინტური არის დაკითხული, რომელმაც აღწერა, თუ რა ვითარებაში და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება ეს გასაკვირიც იყოს, მაგრამ ყველა მათგანი ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდა იძულებით, ამ წილების გადაფორმება. დიმიტრი ქიტოშვილმა, რომელიც იყო კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, პირადად შეუდგინა ეროსი კიწმარიშვილს გაკოტრების თაობაზე განცხადება, სასამართლოში შეტანილი. ეს არის მისი აღიარებითი ჩვენება. როგორ დაიბარა ზურაბ ადეიშვილმა ჯემალ ინაიშვილი და როგორ სთხოვა, ეშუამავლა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან, როგორ გადასცეს მათ, რომ ტრუსიკ-მაიკის ამარა დატოვებდნენ, თუ არ დათანხმდებოდნენ ხელისუფლების ნებას და ა.შ.“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, 2015 წლის შემდეგ ჩვენ მრავალჯერ, 100-გზის მაინც მივმართეთ პროკურატურას, რომ ყოფილიყვნენ ამ საქმეში გამოკვეთილი ბრალდებული პირები.

„არაერთხელ მივმართეთ იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორს, საქმის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობას; ჩავატარეთ არაერთი პრესკონფერენცია. ვთხოვდით, რომ ამ საქმეს აქვს 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ეს ვადა გადის 2019 წლის ივნისში. არავინ ყურად არ იღო ეს ყველაფერი. თავად ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ჩავატარეთ ასევე პრესკონფერენცია, მივეცით ინტერვიუ ტელევიზიებს და ა.შ. ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია სამართლებრივად პროკურატურის ქცევა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქმის გამომძიებელთან, პროკურორთან. როდესაც ვეკითხებოდით, რატომ აკეთებთ ამას, აქ ხომ ჩანს დაზარალებულად ცნობის დადგენილებები, ხომ არსებობს დამზარალებელიც ამ საქმეში და დანაშაულის ჩამდენი პირებიც, რატომ არ აკეთებთ ამას, ჩვენ ვერავითარი პასუხი ამის თაობაზე ვერ მივიღეთ. ბოლოს უკვე ივნისში გამოაქვეყნა პროკურატურამ წერილი, რომ ეს საქმე კვლავაც მიმდინარეობს, არ არის დახურული და ა.შ. ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს მცირე ეშმაკობასთან. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მეორე დღეს, 2015 წლის თებერვალში, როდესაც ცნეს დაზარალებულებად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, დაზარალებულად იყვნენ ცნობილი ასევე ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“. იქ რა თქმა უნდა, 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. აი, ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ადვოკატმა.