ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის გენშტაბს არტაკ დავთიანი უხელმძღვანელებს
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი, არტაკ დავთიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადგანაც ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა პრემიერ-მინისტრის წინადადებას ხელი არ მოაწერა და არც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, არმიის გენშტაბის უფროსი წარდგენილი კანდიდატი, არტაკ დავთიანი გახდა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსთან, ონიკ გასპარიანთან ნიკოლ ფაშინიანის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გენშტაბის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ, გასპარიანმა სხვა სამხედროებთან ერთად ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომა მოითხოვა.