წინასწარი მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს
წინასწარი მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს

სომხეთის ახალ პარლამენტში 107 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „მაქვს პატივი“.

მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 71 ადგილი, ბლოკი „სომხეთი“ – 29 ადგილი, ბლოკი „მაქვს პატივი“ – შვიდი ადგილი.

2021 წლის აპრილში, საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, პარლამენტის წევრები მხოლოდ პროპორციული წარმომადგენლობის მეთოდით აირჩევიან.

საკანონმდებლო ორგანოს ოთხი მანდატი აუცილებლად ეროვნული უმცირესობისთვის არის გამოყოფილი იმ პირობით, რომ ისინი კონკრეტულ პარტიულ სიაში იქნებიან შეყვანილი. შესაბამისად, ამ ოთხი მანდატიდან სამს „სამოქალაქო შეთანხმების“ სიით შესული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მიიღებენ, ხოლო ერთს ბლოკ „სომხეთის“ სიით შესული წარმომადგენელი.

პარლამენტში მოსახვედრად, პარტიამ ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკმა შვიდპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც პარტია ან ბლოკი მანდატების 2/3-ს მოიპოვებს, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილდება დამატებითი მანდატები, რათა სულ მცირე 1/3 იქნას უზრუნველყოფილი სხვა ძალებისთვისაც. შესაბამისად, ბლოკი „სომხეთი“ დამატებით ორ მანდატს მიიღებს, რათა 1/3 იქნას დაცული.