ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე თურქეთის პოზიცია უცვლელი რჩება
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე თურქეთის პოზიცია უცვლელი რჩება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მთიანი-ყარაბაღის საკითხზე თურქეთის პოზიცია შეიცვლება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ვიდრე თურქეთის პოზიცია უცვლელი რჩება, აზერბაიჯანი ბრძოლას არ შეწყვეტს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, მოსკოვის მოლაპარაკებებამდე თურქეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი აზრით, აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებები უნდა გააგრძელოს.

ამასთან, ფაშინიანის განცხადებით, მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, სატელეფონო ზარის მიზანი იყო მითითების გაცემა, რომ აზერბაიჯანს ბრძოლა არ შეეწყვიტა.

„თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მოვიდა, რათა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და კვიპროსის წინააღმდეგ, ან ლიბიაში, სირიასა და ერაყში. ეს არის ექსპანსიონისტური პოლიტიკა”, – განაცხადა ფაშინიანმა ინტერვიუში.

მისივე თქმით, „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სომხები არიან უკანასკნელი დარჩენილი დაბრკოლება ამ ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელების გზაზე”.

„მთელი სამხრეთ კავკასია გახდება სირია. ეს ცეცხლი სწრაფად გავრცელდება ჩრდილოეთით და სამხრეთით”, – განაცხადა მან.