სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ. შესაბამის ინფორმაციას ერევანსა და ბაქოში ადასტურებენ.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ჯეიჰუნ ბაირამოვი რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ბაქოს ცნობით, დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
ამავე დროს, ცნობილია, რომ მოსკოვში უკვე ჩავიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი, რომელსაც ასევე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან. ერევანში აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაციაა.
კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დადეს, რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.