სოფელ მარადიდის მოსახლეობას „კირნათიჰესის“ შესასვლელი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის მოსახლეობას ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს „კირნათიჰესის“ შესასვლელი. ისინი ჰესის ტერიტორიზე მძიმე ტექნიკას არ უშვებენ და ამბობენ, რომ აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მდგომარეობის შესახებ ჰესის მფლობელი კომპანიისგან კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ.
საპროტესტო აქცია დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარე ჭოროხმა მარადიდის დასახლება, სადაც 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, დატბორა. ადგილობრივები სოფლის გზის, სასაფლაოებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას „კირნათიჰესსა“ და მის კაშხალს უკავშირებენ.
20-მდე ოჯახი განსახლებას ექვემდებარება, თუმცა ამ დრომდე ჰესის მფლობელ კომპანიასთან კომპენსაციის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუმცა უშედეგოდ.
მარადიდის მოსახლეობა დაშლას არ აპირებს და რეაგირებას ხელისუფლებისგანაც ელოდება. „კირნათიჰესის“ მშენებლობას თურქული კომპანია „აჭარა ენერჯი“ ახორციელებს.