სოფელ მარადიდში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დატბორა
სოფელ მარადიდში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზა დატბორა

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზის, სასაფლაოსა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი დატბორა. შედეგად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა და სკოლის ბავშვები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

ადგილობრივები წყალმოვარდნას „კირნათიჰესსა” და მის კაშხალს უკავშირებენ. მათი თქმით, წყლის დონემ მატება 12 საათიდან დაიწყო, ამ დროისთვის კი, თანდათან იკლებს.

„დატბორილია მანქანების სავალი გზის დაახლოებით 25 მეტრი. წყალი სოფლის სასაფლაოზე და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზეა შემოსული. ადგილობრივები დატბორვას ჰესს ვუკავშირებთ, რადგან გასულ წელსაც იყო ანალოგიური მდგომარეობა”, – აცხადებს მარადიდის ერთ-ერთი მცხოვრები.

„კირნათი ჰესის“ მფლობელია კომპანია „აჭარენერჯი“. კომპანიას განმარტებები ჯერ არ გაუკეთებია.