მდინარე ქსნის ადიდების შედეგად საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ თვაურებში სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები, ასევე რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა
მდინარე ქსნის ადიდების შედეგად საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ თვაურებში სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები, ასევე რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ქსანმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელი თვაურები დატბორა. მდინარე კალაპოტიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადმოვიდა და სოფელ თვაურებში სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები დატბორა.

დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მუშაობს მძიმე ტექნიკა, რათა მდინარის დინება კალაპოტისკენ დააბრუნონ.

უამინდობამ პრობლემები კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში შექმნა. კასპის მერის განცხადებით, მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ წინარეხში, თუმცა აქ მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია.

„ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ვცდილობთ, წყალი სოფლიდან გადავაგდოთ კალაპოტისკენ. ველოდებით კიდევ დამატებით ტექნიკას. დატბორილია ხეხილის ბაღები. თვაურებში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. წყალი ერთი სახლის სარდაფში შევიდა, მუშაობს სახანძრო ბრიგადა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. მდინარე ქსანი ოკუპირებულ ნაწილზე გადმოვიდა და ამას მოჰყვა პრობლემები სოფელ თვაურში. ასევე, უხვი ნალექის შედეგად სოფელ წინარეხში მიწის ფართობი ჩამოიშალა, დაახლოებით 100 მეტრზე იყო ნიაღვარი. გზა უკვე სრულად გაწმენდილია“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.