სოფელ მარადიდში, სადაც მდინარე ჭოროხმა ტერიტორია დატბორა, ვითარებას სამთავრობო კომისია შეისწავლის
სოფელ მარადიდში, სადაც მდინარე ჭოროხმა ტერიტორია დატბორა, ვითარებას სამთავრობო კომისია შეისწავლის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში, სადაც გუშინ მდინარე ჭოროხმა სოფლის ნაწილი დატბორა, სიტუაციას სამთავრობო კომისია შეისწავლის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა.

მოსახლეობა, რომელიც წყალმოვარდნას კირნათიჰესის მშენებლობას უკავშირებს, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განსახლებას ან კომპენსაციების გაზრდას ითხოვს.

„გვეუბნებიან, რომ კვადრატულ მეტრში 20 ლარს მოგვცემენ. ჩვენ კი, ვითხოვთ, ხელვაჩაურში შესაბამის ტერიტორიაზე გადაგვიყვანონ და თავად შეიძინონ 20 ლარად მიწა. ამაზე არ გვთანხმდებიან, რადგან ასეთი მიწები 40 აშშ დოლარი ღირს. ნაწილს მხოლოდ მიწის თანხას აძლევენ და სახლებს უტოვებენ, ცარიელ სახლში რა უნდა აკეთოს ადამიანმა“, – ამბობს მარადიდის მცხოვრები მევლუდ დიდმანიძე.

მოლაპარაკება მოსახლეობასა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის ექვსი წელია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით შეთანხმება 40-დან მხოლოდ 14-თან მოხდა.

„რამდენიმე დღეში სამთავრობო კომისია დაიწყებს საკითხის შესწავლას, კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციის გამო. გარემოს დაცვის ინსპექცია დაადგენს, რა სახის სანქცია გატარდება ჰესის მიმართ, ისი ზარალსაც აანაზღაურებს“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მდინარე ჭოროხი ამ დროისთვის ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.