ექვსი მწყემსი სოფელ ქვახვრელთან, მდინარის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე, კარავში გაათევს ღამეს
ექვსი მწყემსი სოფელ ქვახვრელთან, მდინარის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე, კარავში გაათევს ღამეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ექვსი მწყემსი ჩარჩა. ისინი ღამეს კარავში გაათენებენ. მწყემსებს პირუტყვი საძოვარზე ჰყავდათ გაყვანილი და ტერიტორიის დატოვება მდინარის ადიდების გამო ვეღარ შეძლეს.

ადგილზე რჩებიან სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ნავით მწყემსებს საჭირო ნივთები მიაწოდეს.

„აქ დავრჩებით ღამით. სამაშველო სამსახურმა მოგვაწოდა კარავი და ღამეს აქ გავათენეთ. აქ ვაძოვებთ ხოლმე პირუტყვს. წყალი ადიდდა, ვეღარ გადმოვედით და ვეღარც ძროხები და ცხვრები გადმოვიყვანეთ. ვერ დავტოვებთ აქ პირუტყვს, ამიტომ აქ დარჩენა მოგვიწევს. დაველოდებით წყლის დონის დაწევას. აქ რომ დავტოვოთ ძროხები, მგელი შეჭამს. მაშველები დარჩებიან სიახლოვეს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ერთ-ერთმა მწყემსმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამაშველო ჯგუფი გადავიდა მწყემსებთან და ადგილზე მონიტორინგი ხორციელდება.