წნორი-ლაგოდეხის გზა კვლავ დატბორილია
წნორი-ლაგოდეხის გზა კვლავ დატბორილია

წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ორ კილომეტრამდე მონაკვეთი კვლავ მდინარე ალაზანიდან გადმოსული წყლით არის დატბორილი. ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აკრძალულია.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში პრევენციის მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს, რადგან მდინარის კალაპოტში ტექნიკა შესვლას და სამუშაოების წარმოებას ვერ ახერხებს.

ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხში 20 სოფელი დააზარალა. დატბორილია ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწები, ვენახები და სათბურები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზის გახსნა შუადღისას მოხერხდება.