სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ ეკლესია მე-19 საუკუნის შუა ხანებშია აგებული, სავარაუდოდ ძველი ეკლესიის ადგილას.
„დასავლეთის ფასადზე მარცხენა ფლანგზე აქვს თეთრ ქვაში ამოკვეთილი სამშენებლო წარწერა დათარიღებული 1862-63 წლებით. შესასვლელის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.იგივე გამოსახულება მეორდება აღმოსავლეთ სარკმლის თავზეც. აქვს ჩაკვეთილი სიბრტყიანი თარო კარნიზი. დარბაზი გადახურულია კამარით. აღმოსავლეთით ორსაფეხურიან სატრიუმფო თაღიანი ნახევარწრიული აბსიდია.მის ჩრდილო გვერდზე თაღიანი ნიშაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.